რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრში, სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის” წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ.
,,რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ ახალ სერვისზე, რომელსაც ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზებთ. საუბარი შეეხო უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ასევე, ქალაქში იმოძრავებს იურისტებისგან შემდგარი მობილური ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ლევან გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. კერძოდ, ვის და სად შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციითა და საადვოკატო მომსახურებით.
დღესვე, ,,იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრის” წარმომადგენლებმა რუსთაველებს უფასო კონსულტაციები ადგილზე გაუწიეს.
საქართველოს მასშტაბით სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის” 17 ბიურო და 43 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.
2023 წლის 18 ოქტომბრიდან კი უფასო სამართლებრივ დახმარებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის მიზნით, პირველად ამოქმედდა ,,იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი”. პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურმა გერმანიის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით განახორციელა.
სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახური” (www.legalaid.ge) უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.