რუსთავის მერია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი ეკოლოგიური პროექტის – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების მთავარი ეტაპის დაწყებისთვის ემზადება, – ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამისთვის 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე: ჭალის მუხა, ფშატი და თელა უკვე შეძენილია.
„ქალაქის ფილტვებად“ წოდებული ტერიტორიის აქტიური განაშენიანების პროცესის დაწყებამდე კი რუსთავის მერიამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია და სპეციალური ვორქშოფი გამართა. რუსთავის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში და ჭალის ტყეების ენდემური ფლორის აღდგენაში რუსთაველების ჩართვის მიზნით, რუსთავის მერიამ მოხალისეობრივი კამპანია „რეფორესტ“ – ზე ონლაინ რეგისტრაცია გამოაცხადა და მას 150 რუსთაველი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ. მოხალისეობრივ კამპანიაში ჩართული ახალგაზრდებისთვის კი ხის დარგვისა და მოვლის მასტერკლასები ჭალის ტყეში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო დეპარტამენტისა და რუსთავ სერვისცენტრის ფლორისტებმა ჩაატარეს.
„რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების გეგმის განხორციელება, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მერიის გუნდმა შევიმუშავეთ, დღეს საინფორმაციო შეხვედრითა და ვორქშოფით დავიწყეთ. ჭალის ტყეში 300 ძირი ენდემური ხე-მცენარე დავრგეთ. რუსთაველმა ახალგაზრდებმა პრაქტიკაში ნახეს თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და უნიკალური ადგილის აღდგენა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
რუსთავის ჭალის ტყის განვითარების გეგემა, 320 ჰა ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში 20 000 ძირი ენდემური მცენარე: მუხა, თელა და ფშატი დაირგვება, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო სივრცეები, დამონტაჟდება ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები და სპეციალური ბარიერები მდინარე მტკვრის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ პროექტის, „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ ფარგლებში შეიმუშავა. პროექტი, გარემოსდაცვითი ფონდიდან ფინანსდება. რუსთავის ჭალის ტყეები ქალაქის საზღვრებში მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებული სივრცეა და რუსთავისთვის უმთავრეს ეკოლოგიურ რესურსს წარმოადგენს.
