რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნა.
მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რჩეულიშვილის ქუჩაზე გაშენებული ახალი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა.
ახალ რეკრეაციულ სივრცეში, ანიმატორების შოუ, ჯგუფ ,,არტ ლაიფის” და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
,,რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი, მწვანე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც მრავალფუნქციურია. ეს უბანი გეოგრაფიულად ქალაქიდან მოშორებულია და მნიშვნელოვანია, რომ აქ, ადგილზე ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენების ყველა შესაძლებლობა, რომელიც მოიცავდა ველობილიკს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, სტადიონს და რაღა თქმა უნდა, სკვერს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. სკვერში დაემატა ხე-მცენარეები და საერთო ჯამში, 20 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის განაშენიანება მოხდა. ეს სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ჩვენ ვეცდებით, როგორი საღამოც დღესაა, მსგავსი საღამოებით აქტიურად იყოს ეს სივრცე დატვირთული“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რჩეულიშვილის ქუჩაზე, 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე დასასვენებელი ზონები, სკეიტ-პარკი და გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბეა მოწყობილი. დარგულია 333 ძირი, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ჭყონდიდელის დასახლებაში, მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი სივრცე პირველად მოეწყო.
ინფრასტრუქტურული პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 621 701 ლარით დაფინანსდა.
მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური სკვერის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია, ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 21-ე მიკრორაიონშიც. მასშტაბური რეკრეაციული ზონა ეწყობა ქალაქის შემოსასვლელში, სადაც 70 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური პროექტი ხორციელდება.
2022-2023 წლებში, რუსთავში, ახალი რეკრეაცია, ჯამში 80 000-ზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო.