რუსთავში მარჯანიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე – მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი, ოთხ სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნო.

„მარჯანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სანიაღვრე სისტემა აქ საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც საცხოვრებელ კორპუსებს უხვი ნალექის დროს, წლების განმავლობაში პრობლემები ექმნებოდა. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება როგორც საავტომობილო გზის მონაკვეთი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, გამწვანებული სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მარჯანიშვილის ქუჩაზე პროექტის ფარგლებში, 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. მოეწყობა ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა. დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 5 834 439 ლარია და სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

 

წინა რუსთავის მერიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი დაიწყო