რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მასშტაბური მსვლელობით აღინიშნა

რუსთავში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური მსვლელობა მოეწყო.

რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირებისა და ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გამართულ მსვლელობას, რუსთაველები და ქვემო ქართლის რეგიონებიდან შეკრებილი მოქალაქეები შეუერთდნენ.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად, იაკობ ცურტაველის სახელობის მოედანზე, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობით, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ.

მსვლელობას, წინ, რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირები, სტიქაროსნები და ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ბავშვები და ახალგაზრდები მიუძღოდნენ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავ მსვლელობაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა ოჯახებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, პარლამენტარებმა ზაურ დარგალმა და დავით შერაზადიშვილმა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ქვემო ქართლის რეგიონი, რუსთავიდან ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს ქვეყანას. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად დგომით ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი ოჯახების განმტკიცებასა და გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი ოჯახი, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობის დასრულების შემდეგ, ეპარქიის სამღვდელოებამ სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინა.

საქართველოში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან აღინიშნება.

 

 

წინა რუსთავში, სარეზერვუარო პარკით ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ