რუსთავში რაგბის ახალი სტადიონი შენდება

რუსთავში, რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში რაგბის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, ახალი სტადიონის ბაზაზე, აკადემია დაარსდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და დეპუტატებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნო.

„რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ბავშვთა რაგბის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და დასრულების შემდეგ, ასობით ახალგაზრდას მოემსახურება ჩვენს ქალაქში. აქ შეიქმნება ბავშვთა რაგბის აკადემია და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის ეს სტადიონი წარმატების ადგილად იქცევა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ლომოურის ქუჩაზე, 8000 კვ/მ ფართობზე ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი აშენდება. სტადიონის გარდა, პროექტი ტრიბუნების, დამხმარე ნაგებობების, გასახდელების, საშხაპეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობას ითვალისწინებს.

„რუსთავში უამრავი პროექტი ხორციელდება, რომელიც სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ სამუშაოების მიმდინარეობას გავეცანით ლომოურის ქუჩაზე, სადაც რაგბის სტადიონი შენდება. პროექტის დასრულების შემდეგ, აქ ბავშვთა რაგბის აკადემია შეიქმნება და რუსთავში კიდევ ბევრი წარმატებული მორაგბე გაიზრდება”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავში პირველი რაგბის მოედანი, წლების წინ, სწორედ ლომოურის ქუჩაზე იყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2 980 225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

წინა ნინო ლაცაბიძე: რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას გაკეთებულმა უნიკალურმა აღმოჩენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქალაქის დიდი ისტორია