რუსთავში რამდენიმე ლოკაციაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, ერთდროულად ქალაქის რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდისა და ნეკრასოვის ქუჩებზე, ახალი გზების მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოები, ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო.

„რუსთავში, მერიის გუნდმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დავიწყეთ. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, სამშვილდის, ნეკრასოვისა და მცხეთის ქუჩებზე, მთავარი პრობლემა იყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქ საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი, სწორედ მოსახლეობის ჩართულობით დავიწყეთ და დღეს სანიაღვრე სისტემის მოწყობასთან ერთად, სამივე ქუჩა ასფალტის საფარით მოპირკეთდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. სამივე ქუჩაზე, ჯამში, 14 607 კვ/მ ფართობის ახალი გზა დაიგება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1  700 000 ლარამდეა.

ახალი გზის მშებენლობა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მიმდინარეობს მოდებაძის ქუჩაზეც, გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ზედგენიძის ქუჩაზე. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზეც.
წელს, რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, 65 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქში, 300-მდე ლოკაციაზეა აქტიური.

 

 

წინა 26 მაისს, რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება