რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

რუსთავში, ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურ ფაზაშია და სამუშაოები, ამჟამად, რუსთაველის N27, N29, N31, N35, N38, N40, N42, N44 და N46  კორპუსებში მიმდინარეობს.

რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანია და მისი რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასკვნით ეტაპზეა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, უკვე 22 კორპუსის ავთენტურობაა აღდგენილი. აქტიურ ფაზაშია მორიგი ეტაპი და კიდევ 9 კორპუსს უტარდება რესტავრაცია. მიმდინარეობს შენობების იერსახის მოწესრიგება და რაც მთავარია, გამაგრება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებული შენობების მდგრადობა და ექსპლუატაციის ვადები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი შენობების გამაგრებას, სახურავისა და ფასადის აღდგენას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობასა და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს.

,,რუსთავში, საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაცია გრძელდება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება რუსთაველის ქუჩაზე. მიმდინარე პროექტი რუსთაველების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავებული მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომლიც მიმართულია უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნის და ქალაქის იერსახის აღდგენა-განახლებისკენ“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 466 736 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

წინა ნინო ლაცაბიძე: ოჯახის სიწმინდის დღე იმ უდიდეს ღირებულებებს აერთიანებს, რაც ქვეყნის ერთიანობის საფუძველია