რუსთავის ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი ახალ ეტაპზე გადადის- საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავში, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტი განხორციელდება.
რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის ფლორის აღდგენა გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებით განხორციელდება.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტის პრეზენტაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.
ჭალის ტყეების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ, პროექტის – ,,გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში, შვედეთის განვითარების სააგენტოს (სიდა) ჩართულობით შეიმუშავა.
სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ,,მოქალაქეთა ასამბლეის“ ფარგლებში, რიგითი რუსთაველებიც იყვნენ ჩართულები.
ჭალის ტყის განვითარების ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც 320 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთავის მერიას გადასცა და მისი განხორციელების პროცესი, უახლოეს მომავალში დაიწყება.
კვლევის შდეგად გამოვლენილ ტერიტორიაზე, 60 000 ნერგი დაირგვება, მოეწყობა ფოტოხაფანგები, ტურისტულ-რეკრეაციული სივრცეები, მყარი ნარჩენებისგან წყლის დამცავი ბარიერები, განსაზრვრულია აუცილებელი სპეციალური ტექნიკის შესყიდვა.
სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, რუსთავის ბუნებრივი ჭალის ტყის აღდგენა მოხდება, კომპლექსურია და საბოლოოდ, რუსთავის ჭალის ტყის ეკოსისტემის აღდგენას და დაცვას, რეკრეაციული და ტურისტული ფუნქციის განვითარებას და ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
რუსთავის ჭალის ტყეები, ქალაქის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეს მოიცავს, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, სერიოზული ზიანი მიადგა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჭალის ტყე ნაწილობრივ ბუნებრივად აღდგა, თუმცა მისი განვითარების ჩამოყალიბებული სტრატეგია, დღემდე არ არსებობდა.
ჭალის ტყის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, უკვე 900-მდე ახალი ნერგია დარგული.