რუსთავში, ჭყონდიდელის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ერთდროულად სამ ქუჩაზე მიმდინარეობს

რუსთავში ჭყონდიდელის სახელობის უბანში მცხეთის, სამშვილდისა და მიტროპოლიტ სერგის ქუჩებზე ახალი გზების მშენებლობა 15 000 კვ/მ ფართობზე მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, მერიის გუნდმა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„პროექტი, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ჭყონდიდელის უბანში ვახორციელებთ რადიკალურად შეცვლის აქ მაცხოვრებლების ყოველდღიურობას. წლების განმავლობაში უხვი ნალქის დროს სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, აქ სახლები იტბორებოდა. პროექტის თანახმად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტ-ბეტონის გზის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ სრულად გამართულ ახალ საგზაო ინფრასტრუქტურას მივიღებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ბეტონის საფარი მცხეთის და სამშვილდის ქუჩის ძირითად ნაწილში უკვე დაგებულია, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიტროპოლიტ სერგის სახელობის ქუჩაზე. პარალელურად, წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებს კომპანია „ჯი ვი პი“.

პროექტის მიხედვით შიდაკვარტალური გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 700 000 ლარამდეა.

 

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება