რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რუსთავის მერიამ, სწორედ მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.
,,მოსახლეობის თხოვნით, ჭყონდიდელის უბანში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ უბანში სამი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის 11 შიდა საუბნო ეზოს მოწესრიგება ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ზედგენიძის ქუჩაზე, საავტომობილო გზის საფარი, ბორდიურები, ტროტუარები, გარე განათების ახალი ქსელი და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოეწყო.
რუსთავის გარეუბანში არსებულ ამ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა და მუნიციპალური ტრანსპორტიც არ მოძრაობდა.
ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ამ ეტაპზე, 11 შიდა ეზოს და 3 ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტებით, რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, 65 000 კვ/მ ფართობზე განახლდება.