რუსთავის მერია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან’’ ერთად, ახალ პროექტს იწყებს.
პროექტი, რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”, რუსთავის ბაგა-ბაღებისა და სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტირებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში ჩაუტარებს ტრენინგების ციკლს, პირველადი გადაუდებელი დახმარების, შესაძლო შემთხვევების მართვის და პრევენციის მიმართულებით.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და რუსთავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის’’ დირექტორმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმებამდე, ჯანდაცვის სამინისტროში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე დაესწრო.
ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერას, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული, საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები ესწრებოდნენ.
მემორანდუმის ფარგლებში, სპეციალურ სასწავლო პროგრამას, ბაგა – ბაღების გაერთიანების და ,,კესანეს” ყველა ის თანამშრომელი გაივლის, რომელსაც მუშაობის პროცესში, მოზარდთან უშუალო ურთიერთობა უწევს.