საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

უახლოეს მომავალში დასრულდება, 830 მოსწავლეზე გათვლილი, რუსთავის №21 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება რუსთავის №6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაც.

სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, საპირფარეშოები, განახლდება ეზოს ტერიტორია და დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ახალი სისტემები. ორივე სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქში შენდება ორი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთა დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.

ახალი ბაღების შენობებში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო და ადმინისტრაციული ოთახები, ლიფტები და საევაკუაციო კიბეები. ეზოში გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები და სათამაშო მოედნები. ორივე ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 200 აღსაზრდელზე გათვლილ №23 და 450 აღსაზრდელზე გათვლილ №31 საბავშვო ბაღებში. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაწყებულია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა.

პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ასევე დაათვალიერა რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტები.

სრული რეაბილიტაცია უტარდება რუსთავი–გარდაბანი–ვახტანგისის საავტომობილო გზის, მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე გამავალ, ორ მონაკვეთს (8.6 კმ და 10 კმ), რომლის არსებული დაზიანებული საფარი მოქალაქეებისთვის გადაადგილებას ართულებდა. მიმდინარეობს რუსთავი–ჯანდარას საავტომობილო გზის 8.5 კმ-იანი დაზიანებული მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაც.

სამუშაოებისთვის, ჯამურად, გათვალისწინებულია 38.5 მილიონი ლარი.

 

 

წინა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა