საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რუსთაველი მოსწავლეებისთვის ინტერაქტიური პორტალის – ,,სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა.
რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გამართულ ღონისძიებას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.
საქსტატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, ინტერაქტიურ პორტალზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სახალისო სტატისტიკური ფაქტები გააცნეს. პრეზენტაციის ფარგლებში, ბავშვებმა შემეცნებითი ქვიზები შეავსეს. დასასრულს, ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი ინტერაქტიური პორტალი საქსტატმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოამზადა.
პროექტის მიზანია სტატისტიკურ მონაცემთა წარმოება და გავრცელება ბავშვებისათვის ადვილად აღსაქმელი ფორმებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პორტალი მოზარდებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ვიზუალური საშუალებებით მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.
პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებს, გაიღრმაონ ცოდნა სტატისტიკის სფეროში, გაიუმჯობესონ ინფორმაციის სწორად აღქმისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ბავშვთა უფლებების შესახებ და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.