რუსთავის მერიის პროექტ ,,ახალი სიმწვანის“ ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, გამწვანების აქცია გაიმართა.
ეკო აქციის ფარგლებში, ,,ახალ სიმწვანეში“ ჩართულმა რუსთაველმა ახალგაზრდებმა, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დარგეს.
,,თითოეულმა რუსთაველმა კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქის გამწვანებაში, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა. სწორედ ამ მიზნით, დაიგეგმა პროექტი ,,ახალი სიმწვანე“, რომელშიც ახალგაზრდების ჩართულობა უზრუნველვყავით. რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებულნი და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან. პროექტის მესამე ეტაპი უკვე სრულდება და მიხარია, რომ მათი დაინტერესება, კიდევ უფრო გაზრდილია. რუსთავის მერიის გუნდი, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ პროექტს. უახლოეს მომავალში დაიდება ღია აპლიკაცია და თითოეულ რუსთაველ ახალგაზრდას შეეძლება დარეგისტრირდეს და შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,,ახალი სიმწვანით“ , რუსთავის მერია ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა და ახალგაზრდების დასაქმების ახალი ეკო პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტში, 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებითა და მათზე მორგებული გრაფიკით იწყებენ მუშაობას.
პროექტი – „ახალი სიმწვანე“, რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში მათი ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიის ორი სამსახურის – „სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდული ცენტრისა“ და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლობით ხორციელდება.