რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კომპანია GWP-იმ ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური ქსელის განახლების სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.
,,რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით, პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სამუშაოები გრძელდება. ჩვენ ჩართულები ვართ მონიტორინგის პროცესში და აქტიურად ვადევნებთ თვალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც 16 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს, აუცილებლად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც ჩვენ ქალაქში წლების განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება 5 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, მოეწყობა 54 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 26 ერთეული საკვანძო ჭა, დამონტაჟდება ორი ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
,,სამუშაოების მასშტაბურობა ადგილზე კარგად ჩანს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ რუსთავს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. პროცესი ვერ იქნება მოკლევადიანი, საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან ამ მაგისტრალური ქსელის მშენებლობის დღიდან, ასეთი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიას დღემდე არ ჩაუტარებია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
მდინარე ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალსადენი რუსთავის წყალმომარაგების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანია. სწორედ აღნიშნული ქსელის მეშვეობით მიეწოდება ქალაქს სათავე ნაგებობიდან სასმელი წყალი. ამორტიზებული წყალსადენის ხშირი დაზიანება, კი რუსთავში წყალმომარაგების შეფერხებას იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი რუსთავის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ხრამის სათავე ნაგებობაზე მიმდინარე პროექტში, კომპანია GWP 16 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.