მუზეუმების საერთაშორისო დღე, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, გამოფენით – „ციხე-ქალაქი რუსთავი უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების ფონზე“ გახსნით აღინიშნა

მუზეუმების საერთაშორისო დღე რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავის ციხესთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენით აღნიშნეს.

გამოფენაზე სახელწოდებით -„ციხე-ქალაქი რუსთავი უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების ფონზე“, ყველა ის მნიშვნელოვანი ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც რუსთავის ისტორიულ ციხეზე 2014 წლიდან დღემდე ნახეს არქეოლოგებმა.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ექსპოზიციის გახსნას, რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ქალაქის მერის მოადგილეები, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,რუსთავის მუზეუმში, დღეს გამოიფინა ექსპონატები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად იქნა აღმოჩენილი. დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა და ჩვენი გუნდის წევრებს – რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ, ზრუნავენ მუზეუმის განვითარებაზე, იცავენ ამ გამორჩეულ ექსპონატებს და ძალიან ცდილობენ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები დააინტერესონ, აუხსნან თუ რამდენად ისტორიულია ჩვენი ქალაქი, პროფესიული დღე მივულოცეთ. ჩვენ მათთან ერთად,  ვაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, არაერთ მნიშვნელოვან დეტალს გავიგებთ ჩვენი ქალაქის ისტორიის შესახებ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აღდგენილი და საექსპოზიციოდ მომზადებული ექსპონატები, დღემდე რუსთავის ისტორიული მუზეუმის ფონდსაცავში ინახებოდა.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ნაზიბროლა პაჭიკაშვილის განცხადებით, ექსპოზიცია იმითაა უნიკალური, რომ წარმოდგენილ მასალაში არის შუა ბრინჯაოს ხანის ფინალური ეტაპის სამარხებში აღმოჩენილი ნივთები, რომლებმაც რუსთავის ისტორიას სულ ცოტა 4-5 საუკუნით დააძველა.

,,ექსპოზიციაში წარმოდგენილია როგორც განათხარი ძეგლების ფოტომასალა, ასევე აღმოჩენილი ნივთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მე-18-19 საუკუნიდან, ახალი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნის ჩათვლით თარიღდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ამ ექსპოზიციის გაკეთება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 2020 წელს პირველად იქნა აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის ფინალური ეტაპის სამარხები, რამაც რუსთავის ისტორია სულ ცოტა 4-5 საუკუნით დააძველა. ეს მასალა არის საკმაოდ შთამბეჭდავი და აღმოჩენილი სამარხთა ტიპი საკმაოდ უნიკალურია“, – განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა.

გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 28 მაისს დაიხურება.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ დააფუძნა და ყოველი წლის 18 მაისს, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

 

 

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე – რუსთავი ჩემპიონების ქალაქია და ჩვენი გუნდის ,,ხარების“ საქართველოს ჩემპიონობა რაგბში, კიდევ უფრო გვიმყარებს იმ ემოციას, რაც ჩვენს ქალაქში სპორტული წარმატებების კუთხით ხდება