ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძე – რუსთავი ჩემპიონების ქალაქია და ჩვენი გუნდის ,,ხარების“ საქართველოს ჩემპიონობა რაგბში, კიდევ უფრო გვიმყარებს იმ ემოციას, რაც ჩვენს ქალაქში სპორტული წარმატებების კუთხით ხდება

რუსთავის მერიის და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავის სარაგბო კლუბის – ,,ხარები“ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა.

რუსთავის პარკის ტერიტორიაზე გამართული ღონისძიება და მორაგბეების სადღესასწაულო მიღება, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გახსნეს.

ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჩემპიონი კლუბის ,,ხარების“ მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ნატრიაშვილსა და მორაგბეებს რუსთავის მერიის სპეციალური ჯილდო გადასცა.

,,რუსთავი ჩემპიონების ქალაქია და ჩვენი გუნდის ,,ხარების“ საქართველოს ჩემპიონობა რაგბში, კიდევ უფრო გვიმყარებს იმ ემოციას, რაც ჩვენს ქალაქში სპორტული წარმატებების კუთხით ხდება. ძალიან დიდი სიხარული და დიდი ემოციაა, თითოეული რუსთაველი ვამაყობთ ჩვენი გუნდით. რუსთავის ,,ხარებმა“ აჩვენეს, რომ წლების განმავლობაში სიყვარულით, დაუღალავი შრომით, ერთგულებითა და გუნდურობით, შესაძლებელია წარმატების მიღწევა და ის გამარჯვება, რომელზეც თითოეული რუსთაველი ვოცნებობდით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

იოსებ ტყემალაძემ საქართველოს რაგბის კავშირის სახელით, რუსთავის ,,ხარების“ გამარჯვების სიმბოლოდ, ქალაქს მრავალწლოვანი ზეთისხილის ხე გადასცა საჩუქრად, ასევე, სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ვეტერანი მორაგბე, საქართველოს რაგბის კავშირის წევრი, სარაგბო კლუბ ,,ხარების“ მენეჯერი გრიგორ ქერაშვილი.

,,ვულოცავ რუსთავს, დიდი სიხარულია, 30 წლის განმავლობაში სამმა, ოთხმა თაობამ, ასე ვთქვათ, ატარა ეს აგურები, რომ სახლი აშენებულიყო და დღეს ეს დღე შედგა. ვულოცავ რუსთავის ,,ხარებს“, რთული ფინალი გამოდგა, პირველივე წუთებზე იცით, რომ რუსთავის მოთამაშე გააძევეს. ბათუმი ჩემპიონი გუნდია, თუმცა რუსთავმა დაიბრუნა ჩემპიონების ქალაქის სახელი და ამას ვულოცავ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო ჯგუფს, მათ მომცეს გარკვეული პირობა, უფრო სწორად ქვეყანას მისცეს, რომ თავდადებით იშრომებდნენ და შეასრულებდნენ იმას, რაც შეასრულეს. მადლობა ქალაქის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, რომელმაც დიდი თანადგომა აღმოგვიჩინა და გვერდში დაუდგა რუსთავის კლუბს. როდესაც ერთად ვართ, გამარჯვებები მოდის და დღეს, ამ დღის აღიარებაა“, – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა ,,ხარებს“, საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

,,ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ის გამარჯვება, რაც რუსთავის ,,ხარებმა“ მოიპოვეს, გუნდი 30 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მინდა მათ შემდგომი გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ მათი წარმატება, კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მოუტანს რაგბს, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელს რეგიონში“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რაგბის კავშირის გამგეობის წევრები და ვეტერანი მორაგბეები ესწრებოდნენ. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ანსამბლ ,,შვიდკაცასა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტი გაიმართა.

რუსთავის “ხარები”, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბია. გუნდი 1990 წელს ჩამოყალიბდა და ის ალექსანდრე ლობჟანიძემ დააარსა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, რუსთაველებს ყველა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული. რუსთაველები პირველად 1993 წელს გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, 1994 წელს ვერცხლის პრიზიორები. 1997 წელს კი, ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. დიდი 10-ის ტურნირი, კი 6 მაისს ავჭალის სტადიონზე ,,ბათუმთან“ გამარჯვებით მოიგეს და ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

 

 

 

 

წინა ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!