საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ესწრებოდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, კომპანიის მიერ რუსთავის წყალსადენისა და წყალარინების ქსელის გასაუმჯობესებლად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
„GWP-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სემეკის თავმჯდომარეც ესწრებოდა, 2025 წლის დასაწყისში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა განვიხილეთ, ასევე ვისაუბრეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტების გეგმა-გრაფიკზე. გარკვეული წინსვლა, რა თქმა უნდა არის, თუმცა არის საკითხები, რომლებიც მათი მხრიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს. მივიღეთ დაპირება, რომ გარკვეულ ვადებში ეს საკითხები ამოწურული იქნება. რუსთავში მიმდინარე პროექტებს, ჩვენ ადგილზე გავუწევთ მონიტორინგს“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ზაუტაშვილმა.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქში არსებული პრობლემები დროულად გადაიჭრას, აუცილებელია, რომ GWP-იმ საინვესტიციო პროექტების ტემპი დააჩქაროს.
„ის ტემპი, რომლითაც კომპანია GWP რუსთავში პროექტებს ახორციელებს, არ არის საკმარისი. ეს საკითხი, ჩვენ დღეს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც დავაყენეთ, სადაც კომპანია GWP-იმ რეგიონული განვითარების მინისტრს, 2025 წლის საინვესტიციო გეგმის პრეზენტაცია წარუდგინა. მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული რუსთავისთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში და მონიტორინგს უწევს პროექტებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის ხორციელდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კომპანია GWP-იმ რუსთავის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გასაუმჯობესებლად, რუსთავის მერიის მოთხოვნით, სემეკში საინვესტიციო გეგმა 2022 წელს წარადგინა და 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განხორციელების ვალდებულება აიღო.