რუსთავის სპორტის სასახლე, ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს.
ფრენბურთში საქართველოსა და ესპანეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს, დღეს დაუპირისპირდებიან.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის შეხვედრის ოფიციალურ ვარჯიშს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის სპორტის განვითარების ცენტრისა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.
„საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, იმისთვის, რომ ჩვენს ახალ, ევროპულ სპორტის სასახლეში საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრებს ვმასპინძლობთ. დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს ხვდება და წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ფრენბურთელებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერმა, ორივე ნაკრების წევრებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ნინო ლაცაბიძემ ქართველ ფრენბურთელებს წარმატებები და გამარჯვება უსურვა.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა რუსთავის სპორტის სასახლეში დღეს, 19:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფალია.