ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, ქაშაკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ბოლო ეტაპზე, აღნიშნულ ქუჩაზე დაირგო ხე-მცენარეები და გაზონებზე დაიყარა დეკორატიული მულჩი.
,,რუსთავის ძველ უბანში სამი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 1 804 971 ლარია. ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათებისა და სარწყავი სისტემები, დაემატა გამწვანება და დაირგო ხე-მცენარეები. მნიშვნელოვანია, რომ სამივე ლოკაციაზე საჯარო სკოლაა განთავსებული და პროექტის შერჩევისას, სწორედ ბავშვების უსაფრთხოება იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი ბაზალტის ქვის საფარი მოეწყო, განახლდა ტროტუარები, მოეწყო სარინერები და მწვანე ზონები, ბეტონისა და ბაზალტის ბორდიურები. ტროტუარების შესასვლელებში დამონტაჟებულია დეკორატიული შემზღუდავი ბუნებრივი ქვის ფხვნილისგან დამზადებული ბარიერები. მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. მოეწყო გარე განათების ახალი ბოძები. მწვანე სივრცეები მოირწყვება წერტილოვანი სარწყავი სისტემით. ტერიტორიაზე, მოხდა არსებული უკანონო შემოღობვების დემონტაჟი.
ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა კონსტიტიციისა და მშენებელთა ქუჩებზეც. მშენებელთა ქუჩაზე მიმდინარეობს შადრევნის მიმდებარე ტერიტორიის განახლებაც, სადაც ტერიტორია მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და ძველი განათების ბოძების ადგილზე გარე განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. შენობების მიმდებარედ მოეწყო სარინერები. რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება ძველი რუსთავის კიდევ ერთ უბანში- კონსტიტუციის ქუჩაზეც.
სამივე ქუჩის საპროექტო ფართობი 20 479 კვადრატული მეტრია. პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 1 804 971 ლარს შეადგენს.