მოქალაქეთა ასამბლეა
მოქალაქეთა ასამბლეა არის დემოკრატიული პროცესი, რომლის დროსაც გადაწყვეტილება მიიღება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული მოქალაქეთა წარმომადგენლობითი ჯგუფის მიერ. „ჯგუფის წარმომადგენლობითობა“ გულისხმობს, რომ არჩეული ჯგუფის სტრუქტურა ზუსტად ასახავს მთლიანი საზოგადოების/თემის სტრუქტურას – ამ შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მცხოვრებთა თემის სტრუქტურას – იმ დემოგრაფიული კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა სქესი, ასაკი თუ განათლების დონე. ამის მიზანია, მივიღოთ ქალაქის მოსახლეობის შემცირებული მოდელი და შეხვედრების სერიის დროს ერთობლივად შემუშავდეს რეკომენდაციები ასამბლეის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
ასამბლეა საშუალებას იძლევა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს უშუალოდ მოსახლეობამ, გააზრებულად, დამოუკიდებლად და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე. გარდა ამისა, ასამბლეაში მონაწილეობა არაჩვეულებრივი გამოცდილებაა.
საკოორდინაციო გუნდის მიზანია ამ პროცესის წარმართვა ისე, რომ მონაწილეთათვის იყოს სახალისო და საინტერესო. ამასთან, პროცესს შეუძლია ხელი შეუწყოს მერიასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
მოქალაქეთა ასამბლეის პროცესი 2 ძირითად ფაზას მოიცავს: სასწავლო და სათათბირო/განხილვის ფაზებს. სასწავლო სესიის დროს მოქალაქეთა ასამბლეის წევრები ეცნობიან ასამბლეის საკითხის სხვადასხვა ასპექტს ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციების საფუძველზე და სვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს. პროცესის ეს ნაწილი საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის პირდაპირი ეთერის, ჩანაწერის ან შეხვედრის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაციის სახით.
სწავლების ეტაპის შემდგომ იწყება განხილვის ეტაპი, რომელიც 2 შეხვედრას მოიცავს. ამ ეტაპზე, ასამბლეის წევრებს საშუალება ეძლევათ, სწავლების ეტაპზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განიხილონ საკითხი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ერთად იმსჯელონ და წარმოადგინონ თავიანთი რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით. დისკუსიის წარმართვაში მოქალაქეებს ეხმარება ფასილიტატორი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მსჯელობა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში წარიმართოს, რათა საუკეთესო შესაძლო შედეგებით დასრულდეს.
საბოლოოდ, პროცესი სრულდება ხმის მიცემით. მიღებულად ჩაითვლება რეკომენდაციები, რომელთაც მოქალაქეთა ასამბლეის წევრების 80% დაუჭერს მხარს. რეკომენდაციები გადაეცემა ქალაქის მერს. რეკომენდაციების მიღებიდან, მერიას აქვს 30 დღის ვადა, რათა განიხილოს ყველა რეკომენდაცია და მოამზადოს წერილობითი პასუხი მათი შესრულების ვალდებულების შესახებ. ამასთან, მიღებული რეკომენდაციები გამოქვეყნდება ასამბლეის ვებ-გვერდზეც.
ვის შეუძლია, გახდეს ასამბლეის მონაწილე?
რუსთავის მოქალაქეთა ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ მოსაწვევები გაიგზავნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მისამართებზე. ასამბლეაში მონაწილეობისათვის განაცხადის შეტანა შეუძლია ნებისმიერ, საარჩევნო უფლების მქონე სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის მისამართზეც მივა მოსაწვევი. განაცხადის გაკეთება კი რეგისტრაციის მეშვეობითაა შესაძლებელი (დეტალები რეგისტრაციის პროცესის შესახებ მითითებული იქნება მოსაწვევში).
რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ასამბლეის საბოლოო 36 მონაწილის დასადგენად, მეორედ განხორციელდება შემთხვევითი შერჩევა რეგისტრაციისას მითითებულ დემოგრაფიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მრავალფეროვნება და პროპორციული წარმომადგენლობა ყველა დემოგრაფიული ჯგუფიდან).
მოქალაქეთა ასამბლეის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები
მოქალაქეთა ასამბლეები მსოფლიოს გარშემო