რუსთავის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) ერთად, პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჭალის ტყის აღდგენა-განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის წევრებთან ერთად, სტრატეგიის დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
,,ჩვენ უკვე გვაქვს პირველადი დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალური გეგმის შემუშავებაში დაგვეხმარება. დავიწყეთ ჭალის ტყის აღდგენაზე ზრუნვა, უახლოეს პერიოდში შემუშავდება დეტალური გეგმა. სწორედ ამ გეგმაში იქნება ასახული თუ როგორ უნდა აღდგეს და განვითარდეს რუსთავის უნიკალური ჭალის ტყე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიაში სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ჭალის ტყის განვითარების ერთობლივი ხედვის, მიზნებისა და ამოცანებზე მუშაობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები დაისახა. იმისთვის, რომ ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო რუსთაველების ინტერესები, რუსთავის მერიამ, პროცესში „მოქალაქეთა ასამბლეაც” ჩართო. შესაბამისად, ჭალის ტყის განვითარების სრატეგიის შექმნაში, ექსპერტებთან ერთად, რიგითმა რუსთაველებმაც მიიღეს მონაწილეობა.
,,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროექტს ,,გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. პროექტი არის საკმაოდ დიდი და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, ერთ-ერთია ჭალის ტყეების განვითარება-აღდგენის გეგმების შემუშავება. მათ შორის არის რუსთავის ჭალის ტყეების განვითარების გეგმის შემუშავება. ჩვენ უკვე დავასრულეთ რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიის შემუშავების პირველი ფაზა და შემდეგი ფაზა იქნება განვითარების დეტალური გეგმის შემუშავება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მენეჯერმა ნათია ბერიძემ.
ჭალის ტყე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, 320 ჰექტარ ფართობს მოიცავს. 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, მას სერიოზული ზიანი მიადგა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჭალის ტყე გარეშე ჩარევის გარეშე ნაწილობრივ აღდგა, თუმცა არ არსებობდა მისი განვითარების ჩამოყალიბებული სტრატეგია. რუსთავის ჭალის ტყე-პარკის ტერიტორია მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. უახლოეს პერიოდში, მუნიციპალიტეტს ექნება ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი 320 ჰექტარი ტერიტორიისთვის, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეული 160 ჰექტარი სივრცისთვის, კი დეტალური განაშენიანების გეგმა შეიქმნება.