რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის პროექტების პრეზენტაცია წარადგინა.
ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია მიმდინარე წელს გეგმავს, ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, მერიის გუნდთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარუდგინა რუსთაველებს.
პრეზენტაცია, მოქალაქეთა მომსახურების ახლადაშენებულ ცენტრში მოეწყო, რომელიც რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი და ნინო ლაცაბიძის მიერ წარმოდგენილი- ახალი განვითარების რუსთავის კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილია.
,,დღეს წარმოვადგინეთ 2023 წლის რუსთავის ახალი განვითარების ის გეგმა, რომლის განხორციელებაზეც ყველა ერთად ვიმუშავებთ. მახარებს ის, რომ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები წარმოვადგინეთ ჩვენს გუნდთან ერთად, რადგან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებული სახსრებით ვაგრძელებთ რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. მთავარ აქცენტებს ვაკეთებთ რუსთავში ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, ასევე ახალი საგზაო და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე. გამორჩეული იქნება 2023 წელი სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელების შედეგად, რუსთავის მერიის გუნდს, სხვადასხვა მიმართულებით სერვისების გაუმჯობესებისა და რეფორმების განხორციელების საშუალება მიეცა.
,,დღეს გავეცანით იმ სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომელიც დაკავშირებულია იმ პროექტებთან რომელიც 2023 წლის განმავლობაში, რუსთავში უნდა განხორციელდეს. ყველა ამ პროექტის პარალელურად, რა თქმა უნდა, საჭიროა, შესაბამისი ნორმატიული ბაზების განახლება, საკანონმდებლო ცვლილებები. მაგალითად, გასულ წელს განხორციელდა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და ჩამოყალიბდა მუნიციპალური ინსპექცია, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განახლებას საჭიროებდა“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
,,დღეს წარმოვადგინეთ რუსთავის განვითარების ახალი გეგმა. სახელმწიფოს მხარდაჭერით უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება ის მასშტაბური პროექტები, რომლებიც საქართველოს პრემერ მინისტრის მიერაა ინიცირებული, ეს არის ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. ასევე, პრემიერის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გაგრძელდება მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია, მასშტაბური სკვერებისა და პარკების მოწყობა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა – ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება, რომლის განხორციელებაც რუსთავმა გასულ წელს დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით, დამატებით 5 მილიონი ლარი გამოიყო ამ პროგრამის გასაგრძელებლად“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
რუსთავში, წელს, აქტიურად გრძელდება გარდამავალი და დაიწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე გაკეთდება. გაგრძელდება სატრანსპორტო რეფორმაც.
ახალი პროგრამებითაა წარმოდგენილი 2023 წლის სოციალური პროექტების გეგმაც. მიმდინარე წლიდან, რუსთავის მერია, სხვა პროგრამებთან ერთად, შინმოვლის და ძუძუს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასაც აფინანსებს. სულ რუსთავის მერიის სოციალური პროგრამები 82 სერვისს მოიცავს. რეფორმები იწყება სპორტის განვითარების სფეროშიც, სადაც აქცენტი ბავშვთა ფეხბურთის და კალათბურთის განვითარებაზეც გამახვილდება. სიახლეებით გამორჩეული იქნება 2023 წელი კულტურის, განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული პროგრამების კუთხითაც.
რუსთავის ბიუჯეტი, დღეისათვის 108 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.