მწვანე ქალაქის კონცეფციის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს.
დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, ჭალის ტყის ტერიტორია დაათვალიერეს და ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
,,ორდღიანი სამუშაო შეხვედრების მონაწილეები იყვნენ, როგორც რუსთავის მერიის, ასევე სამინისტროსა და პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. ამ პროცესში, ჩვენ ვცდილობდით ფართო საზოგადოების მოსაზრების გათვალისწინებას, რაც შემდგომ სტრატეგიის დოკუმენტში აისახება. ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი, კი რუსთავის მერიას, უკვე განსახორციელებლად გადაეცემა- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის – ,,გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მენეჯერმა ნათია ბერიძემ.
დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით იქმნება, რუსთავის მოსახლეობის ჩართულობით უნდა შემუშავდეს და ის, რუსთავის მერიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – ,,მოქალაქეთა ასამბლეის“ მთავარი განსახილველი თემაცაა.
,,რუსთავის მერიაში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ თანამონაწილეობითი მიდგომით, აქტიურად ვმუშაობთ ჭალის ტყის აღდგენის სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და სწორედ ამის საფუძველზე მოვამზადოთ სტრატეგიის დოკუმენტიც და სამოქმედო გეგმაც.“ – განაცხადა გარემოსდაცვის ექსპერტმა კახა ბახტაძემ.
რუსთავის ჭალის ტყე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გაშლილი და მისი ფართობი 320 ჰექტარია. 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, აღნიშნულ სივრცეს სერიოზული ზიანი მიადგა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჭალის ტყე, გარეშე ჩარევის გარეშე ნაწილობრივ აღდგა, თუმცა მისი განვითარების სტრატეგია დღემდე არ არსებობდა.
რუსთავის ჭალის ტყე-პარკის ტერიტორია, მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რუსთავს ექნება ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი 320 ჰექტარი ტერიტორიისთვის, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩეული 160 ჰექტარი სივრცისთვის, დეტალური განაშენიანების გეგმა შეიქმნება.