რუსთავის მერიამ ახალგაზრდებთან ერთად, ახალი კამპანია -,,თაობა მომავლისთვის“ დაიწყო

,,თაობა მომავლისთვის”- ამ სახელწოდების ახალ კამპანიას რუსთავის მერია, ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებს.

კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა.

,,თაობა მომავლისთვის“ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან შეხვედრით გაიხსნა.

შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი, თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, მუსიკოსი ლაშა ნოზაძე და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ.

შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში უკვე განხორციელებულ ახალგაზრდულ პროექტებზე და ქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,რუსთავში ვიწყებთ ახალ კამპანიას – ,,თაობა მომავლისთვის“, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდებთან ინტენსიურ შეხვედრებს და მათ აქტიურ ჩართვას ადგილობრივი თვთმმართველობის განხორციელების პროცესში. დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან, ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და რაღა თქმა უნდა, მათი ჩართულობა ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსმა ანელი ჩხარტიშვილმა განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, ახალი პროექტის- ,,სკოლის ელჩი” განხორციელებაც დაიწყება. პროექტში, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეები ჩაერთვებიან.

 

წინა რუსთავის მერია ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას იწყებს