მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სერვისების განახლებას იწყებს.
მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას შეამოწმებენ.
მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
,,რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ სალონების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და შეისწავლიან იქ არსებულ პირობებს, რაც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობთ, რომ უსაფრთხო ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ეს მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივიდეთ სანქციებამდე, პირიქით, მათთან თანამშრომლობის სურვილი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სალონებში იყოს უსაფრთხო გარემო. თუ სალონები არ გაითვალისწინებენ იმ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები შემოწმებისას გასცემენ, რა თქმა უნდა დაჯარიმდებიან შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრაზე წარმოდგენილ პრეზენტაციაზე, დეტალურად იქნა განხილული ის კრიტერიუმები, რომლებსაც სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები დღეისთვის არსებული რეგულაციებით უნდა აკმაყოფილებდნენ.
მონიტორინგის პროცესს, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი, უახლოეს დღეებში დაიწყებს.
მონიტორინგის მიზანია C ჰეპატიტის, ვირუსული, სოკოვანი და ბაქტეოროლოგიური დაავადებების ელიმინაცია და მათი პრევენცია. ინფორმაციას კანონით გათვალისწინებული იმ ნორმების შესახებ, რასაც სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ, დაინტერესებული პირები რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეც გაეცნობიან. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, შექმნილია სპეციალური QR კოდიც.
რუსთავში დღეისათვის 150-მდე კოსმეტიკური და ესთეტიკური ცენტრი ფუნქციონირებს.