რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო.

პროექტი – „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება.

ახალი პროექტი, რუსთავის ბაგა ბაღების თანამშრომლებისთვის ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით, სპეციალური ტრენინგ კურსების ჩატარებას ითვალისწინებს.

„რუსთავის საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, შენდება ახალი საბავშვო ბაღები, უმჯობესდება შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. სახელფასო ნაწილში, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ და ღირსეული ანაზღაურება მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს. გავაუმჯობესეთ ბავშვების კვების რაციონი და გავხადეთ ისეთი, როგორსაც ნუტრიციოლოგები და პედიატრები გვირჩევდნენ. ამასთან ერთად, ჩვენმა გუნდმა დაიწყო ზრუნვა ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, როგორიცაა ბავშვების აღზრდა-განვითარება, რადგან ბაღებში ახალი მეთოდური მიდგომების დანერგვა აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდის დასანერგად, ახალ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. ბატონ შალვა ამონაშვილს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს თანამშრომლებს ვესაუბროთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ავამაღლოთ მათი კვალიფიკაცია, დავნერგოთ ბავშვის აღზრდის ჰუმანური და თანამედროვე მეთოდები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ტრენინგ კურსი რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისთვის დღეს დაიწყო და მას ქართული პედაგოგიკის ნოვატორი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

„ახალგაზრდა თაობის აღზრდა დღეს ჩიხში შევიდა, რადგან ჩვენ ვზრდით ისეთივე გამოცდილებით, რაც გვქონდა ათი, ოცი, ოცდაათი და უფრო მეტი წლის წინ. ვზრდით ერთი პრინციპით, კარგად მოიქცევი – მოგეფერები, ცუდად მოიქცევი – დაგსჯი. ასე არის ოჯახში, ასეა საბავშვო ბაღში და სკოლაში. შედეგად ვიღებთ დაჩაგრულ თაობას, რომელიც შეზღუდულია თავის აზროვნებაში, მოქმედებაში და თავის თავს ვერ ამკვიდრებს. ჰუმანური პედაგოგიკის ტრენინგ-კურსების გავლის შემდეგ, ჩვენი რუსთაველი კოლეგები პირველ რიგში მიიღებენ ცნობიერების განვითარებას, ცნობიერების გაფართოებას. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვეტყვით მათ იციან, მაგრამ აზრად არ მოსდით ამის გამოყენება. ჩვენ გვინდა მათი ცოდნის კრისტალად ქცევა და ჩვენება თუ როგორ შეიძლება ცხოვრებაში, კერძოდ, პატარა ბავშვებთან შეტანა, თუ რა უნდა ვუთხრათ, რა ვათამაშოთ და როგორ მოვექცეთ, ხმა როგორ დავიყენოთ და ხელებიც კი როგორ ვამოძრაოთ მათთან ურთიერთობისას და აღზრდისას“, – განაცხადა შალვა ამონაშვილმა.

პროექტი რუსთავის მერიასა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. ლექციების კურსს, რუსთავის ბაგა-ბაღების სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700 თანამშრომელი გაივლის.

 

 

წინა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ