რუსთავის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ახალი პროგრამების განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის-,,კესანე“ აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და ის ახალი სოციალური პროგრამები გააცნო, რომელსაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს.

,,განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან სისტემატურად გვაქვს შეხვედრები იმისთვის, რომ სწორედ, ბავშვებზე ორიენტირებული გარემო და სერვისები შევქმნათ, როგორც განათლების, ასევე სპორტული თუ სახელოვნებო მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე, მშობლების მხარდამჭერი პროგრამის აუცილებლობაც გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ’’- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მედიათეკაში გამართულ შეხვედრას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, მერიის სოციალური სამსახურის, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,კესანეს“ ბენეფიციართა მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ არსებული და დაგეგმილი მუნიციპალური სერვისების შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითაა შემუშავებული. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, განსაკუთრებით გაუმჯობესდა ყველა ის საკანონმდებლო სტანდარტი, რომელიც შშმ პირებთანაა დაკავშირებული და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საუკეთესო ევროპული გამოცდილების საქართველოში დანერგვაზე მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

მიმდინარე წლიდან, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, რუსთავის მერია 20 თერაპიულ სეანსს უფინანსებს. წელსვე დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას ითვალისწინებს. დაწყებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მომსახურების პროგრამაც. მიმდინარე წელსვე იგეგმება ცენტრის ძველი ფლიგელის სრული რეაბილიტაციაც.

ბიუჯეტში უკვე ასახული ახალი პროგრამების გარდა, ნინო ლაცაბიძემ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სოციალიზაციისკენ მიმართული რამდენიმე საპილოტე პროექტიც წარადგინა, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია საქართველოს პარლამენტის დახმარებით, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით გეგმავს.

სარეაბილიტაციო-განმავთარებელი ცენტრი ,,კესანე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება. აქედან, 125 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია.

 

წინა ქ. რუსთავში, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ