რუსთავის მერიის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, პირველი მოქალაქეთა ასამბლეა რუსთავში გაიმართება

მოქალაქეთა ასამბლეა დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დამოუკიდებლად და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად განსაზღვრონ ქალაქის მომავალი.

ასამბლეის წევრები შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთად ქმნიან მრავალფეროვან, დემოგრაფიულად წარმომადგენლობით ჯგუფს, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა, მაგალითად, ასაკი, სქესი, განათლების დონე.

მოქალაქეთა ასამბლეაში მონაწილეობისათვის, კომპიუტერული ალგორითმის მეშვეობით,  რუსთავის მასშტაბით, შემთხვევითობის პრონციპით შეირჩა 200 მისამართი, სადაც დაიგზავნება მოსაწვევები.

ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება,  კი შეუძლია ნებისმიერ, საარჩევნო უფლების მქონე სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის მისამართზეც მივა მოსაწვევი. რეგისტრაციის საბოლოო ვადა არის 9 აპრილი.

რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ასამბლეის საბოლოო 36 მონაწილის დასადგენად, მეორედ განხორციელდება შემთხვევითი შერჩევა რეგისტრაციისას მითითებულ დემოგრაფიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მოქალაქეთა ასამბლეის წევრების საბოლოო შერჩევა ლატარიის მეთოდით გაიმართება 12 აპრილს 14:00 საათზე და პროცესი გაშუქდება პირდაპირი ეთერით, რუსთავის მოქალაქეთა ასამბლეის FB გვერდის საშუალებით.

რუსთავის მოქალაქეთა ასამბლეა გაიმართება შემდეგ საკითხზე:

როგორ უნდა მომზადდეს რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის განვითარების სტრატეგია ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის მოსაზრებები და ინტერესები?

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს ჭალის ტყე. აღნიშნული სივრცის ფართობი არის დაახლოებით 300 ჰა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) დახმარებით, აღნიშნული სივრცის სტრატეგიული განვითარების გეგმას მოამზადებს.

სივრცე შესაძლოა დაიყოს სამ პირობით ნაწილად. ველური ზონა, რომელიც დაცული იქნება ადამიანური ფაქტორის ზეგავლენისგან, რათა იქ მოხდეს ბუნებრივი ფლორისა და ფაუნის განვითარება,

ნახევრად ველური ზონა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სასეირნოდ, სხვადასხვა ტურის მოსაწყობად და რეკრეაციული ზონა, სადაც მოეწყობა თავშეყრის სივრცეები, პარკინგი,, გასართობი ადგილები და ა.შ.

ჭალის ტყის ამ მონაკვეთის მიმდებარედ, ფუნქციონირებს რუსთავის იპოდრომი, რომლის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საცხენოსნო ბილიკებისა და ტურების მოწყობა ზემოთ ხსენებულ სივრცეებში.

მოქალაქეთა ასამბლეა მოიცავს ორ – სასწავლო და სათათბირო/განხილვის ფაზებს და ჩატარდება 3 დღის განმავლობაში:

I – სწავლების დღე – 23 აპრილი

II – განხილვის დღე – 29 აპრილი

III – განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება – 14 მაისი.

სასწავლო სესიის დროს, მოქალაქეთა ასამბლეის წევრები ეცნობიან ასამბლეის საკითხის სხვადასხვა ასპექტს,  ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციების საფუძველზე და სვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს. პროცესის ეს ნაწილი საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის პირდაპირი ეთერის, ჩანაწერის ან შეხვედრის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაციის სახით.

სწავლების შემდგომ იწყება განხილვის ეტაპი, რომელიც ორ  შეხვედრას მოიცავს. ასამბლეის წევრებს საშუალება ეძლევათ, სწავლების ეტაპზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განიხილონ საკითხი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ერთად იმსჯელონ და საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგინონ თავიანთი რეკომენდაციები.  დისკუსიის წარმართვაში, მოქალაქეებს ეხმარება ფასილიტატორი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მსჯელობა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში წარიმართოს და საუკეთესო  შედეგებით დასრულდეს.

საბოლოოდ, პროცესი სრულდება ხმის მიცემით. მიღებულად ჩაითვლება რეკომენდაციები, რომლებსაც მოქალაქეთა ასამბლეის წევრების 80% დაუჭერს მხარს. რეკომენდაციები გადაეცემა ქალაქის მერს. მერიას აქვს 30 დღის ვადა, რათა განიხილოს  და მოამზადოს წერილობითი პასუხი მათი შესრულების ვალდებულების შესახებ. ამასთან, მიღებული რეკომენდაციები გამოქვეყნდება ასამბლეის გვერდზეც.

პროცესში, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებენ დაინტერესებული მხარეები და ექსპერტები.  სწორედ, მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს 36 წევრისგან შემდგარი ჯგუფი პრობლემატურ საკითხს, შეიმუშავებს მისი მოგვარების გზებს, შეისწავლის დადებით და უარყოფით მხარეებს და აწვდის რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

პროცესისთვის გათვალისწინებულია წინასწარ შერჩეული 4 ექსპერტისა და 4 დაინტერესებული მხარის ჩართულობა. სურვილის შემთხვევაში, დამატებით 8 ექსპერტს შეუძლია საკუთარი მოსაზრება წერილობით ან ვიდეოს სახით წარუდგინოს ასამბლეის წევრებს.  მათ თავიანთი მოკლე, 1,5-2 გვერდიანი (5600 სიმბოლო გამოტოვების ჩათვლით) პოზიციის წერილობითი ფორმით გაზიარება ან არაუმეტეს 5- წუთიანი ვიდეოს გაგზავნა შეუძლიათ 10 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rustavi.asamblea@gmail.com

დაინტერესებული მხარე, კი შეიძლება იყოს ორგანიზაცია, ინსტიტუტი ან ფიზიკური პირების არაფორმალური ჯგუფი, რომლებიც აქტიურად არიან დაკავშირებულნი მოქალაქეთა ასამბლეის განსახილველ თემასთან, ან რომლებზეც უშუალო გავლენას ახდენს მოქალაქეთა ასამბლეაზე წამოჭრილი საკითხები.

იმ პირებისთვის/ჯგუფებისთვის, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ,  რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა და გაგრძელდება 12 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/3vm61Szs55xCuL2D6 . ასევე, რუსთავის მოქალაქეთა ასამბლეასთან დაკავშირებული სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ასამბლეის ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/Rustavi.CA

 

 

 

 

წინა რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება