ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის მერმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი გააცნო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – თანამედროვე მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, კევინ მაკლოკინს გააცნო.

ნინო ლაცაბიძემ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც რუსთაველები ერთ სივრცეში ძალიან მალე მიიღებენ.

,,რუსთავში, სულ მალე გვექნება მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით, რაც გაამარტივებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიღების პროცესს, გახდის უფრო ეფექტიანს და სწრაფს. ჩვენ USAID-თან ვთანამშრომლობთ, რომ საბოლოო დეტალებზე შევთანხმდეთ, რათა დავხვეწოთ, გადავამზადოთ და დავატრენინგოთ ჩვენი თანამშრომლები, რომ მომზადებულები შევხვდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში პირველად ხორციელდება. რუსთავი არის ერთ-ერთ პირველი, სადაც მუნიციპალურ დონეზე ყველა სერვისი ერთ სივრცეში იქნება მოქცეული, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებთან ურთიერთობას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღევანდელი სამუშაო შეხვედრა, პროგრამის ფარგლებში შემუშავებული, იმ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხუთ წელიწადში უნდა განხორციელდეს.

,,USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის სახელით მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები რუსთავის მუნიციპალიტეტში. ჩვენი პროგრამის ძირითადი მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და მისი ხელშეწყობა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ, არის სერვისების განვითარება, რათა უფრო ეფექტური გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება. შესაბამისად, ის ინიციატივა, რომელსაც რუსთავის მერია და მერი ახორციელებს, თავის გუნდთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავეხმარებით რუსთავის მერიას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორც ტექნიკით, ასევე სხვა ტიპის დახმარებასაც გავუწევთ“ , – განაცხადა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკინმა.

რუსთავის ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი, რომლის მშენებლობა და აღჭურვაც დასრულების ფაზაშია, მოქალაქეებს მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოემსახურება. მოქალაქეები ერთ სივრცეში ისარგებლებენ ყველა იმ სერვისით, რასაც მუნიციპალიტეტი რუსთაველებს სთავაზობს.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიზანი, საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა და ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდაა. პროგრამის განხორციელება, ჯამში 22 მუნიციპალიტეტში იგეგმება.

 

 

წინა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ბიბლიოთეკების თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა