რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში პირველი ბიბლიოთეკის გახსნიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებსა და მკითხველებს უმასპინძლა.
ნინო ლაცაბიძემ ბიბლიოთეკების თანამშრომლებს, წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, ქალაქში თანამედროვე ტიპის მედიათეკა გაიხსნება, სადაც მკითხველს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდება.
,,რუსთავის ბიბლიოთეკა 75 წლის გახდა, ჩვენ დღეს მივულოცეთ და დავაჯილდოვეთ თითოეული თანამშრომელი, რომლებიც წლებია ემსახურებიან ჩვენს ქალაქს, ასევე ის მოქალაქეებიც, მათ შორის ყველაზე პატარა და ყველაზე უხუცესი მკითხველები, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ბიბლიოთეკით. ჩვენ მათ დავპირდით, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება ახალი, თანამედროვე ტიპის მედიათეკა, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებზე იქნება სრულად მორგებული “, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის პირველი ბიბლიოთეკის დაარსებიდან 75 წელი გავიდა. 75 წელი შეუსრულდა ახალ რუსთავსაც, რომელსაც ქალაქის სტატუსი 1948 წელს მიენიჭა. საიუბილეო წელი რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ სხვადასხვა აქტივობით დატვირთული კვირეულით აღნიშნა.