რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის დაარსებიდან 55 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საიუბილეო საღამო, გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცის გახსნით და პირველი სპექტაკლის – ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტიუმების გამოფენით გაიხსნა. მოგვიანებით კი დიდ დარბაზში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი“ და ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის თეატრის პირველი დასის დამაარსებლები, ქართული თეატრალური საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,რუსთავის თეატრი 55 წლის გახდა, ჩვენ შევეცადეთ, რომ მთელი წელი დატვირთული ყოფილიყო და 100-ზე მეტი ღონისძიება, ასევე კომედიის ფესტივალი ჩატარდა. მე ვულოცავ თითოეულ რუსთაველს ამ მნიშვნელოვან დღეს. ქალაქი ახალი განვითარების ეტაპზეა და რა თქმა უნდა, თეატრს და კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ თეატრის განვითარებას და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ მომავალში“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის თეატრმა 2022 წელს, საიუბილეო სეზონზე, 100-ზე მეტი ღონისძიება გამართა, რომელიც მუსიკალური დრამით ,,კუკარაჩა“ გაიხსნა და ცოტა ხნის წინ კომედიის თეატრალური ფესტივალით დასრულდა.
,,რუსთავი ძალიან თეატრალური ქალაქია, არაჩვეულებრივი მაყურებელი ჰყავს ჩვენს თეატრს. ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ერთია მე მიჩნდება რაღაც იდეები, მოსაზრებები, მეორეა მათი განხორციელება, ამაში ჩვენ გვერდში გვიდგას ქალაქის მერია და ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, რომ არა მისი აქტიური ჩართულობა ალბათ გაგვიჭირდებოდა ამ ტემპით მიგვეყვანა საიუბილეო სეზონი ბოლომდე. მთელი წელი იყო დატვირთული, გვქონდა გასტროლი, იყო კომედიის თეატრალური ფესტივალი, პრემიერები, შეხვედრები, მასტერკლასები და ასეთი დატვირთული, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არცერთი თეატრი არ ყოფილა“, – განაცხადა სოსო ნემსაძემ.
რუსთავის თეატრი, რომელიც წელს 55-ე საიუბილეო სეზონს აღნიშნავს, 1967 წელს გაიხსნა და ის მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსულმა ახალგაზრდებმა, გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით შექმნეს.
,,დღევანდელი დღე, ჩემთვის არის ძალიან სასიხარულო, იმიტომ, რომ 1967 წლის 30 ნოემბერს, რუსთავის თეატრში პირველად გაიხსნა ფარდა. მე მახსოვს, როდესაც დაიწყო ჩვენი სპექტაკლი – ,,სირანო დე ბერჟერაკი“, ფარდა გაიხსნა, ჩვენ ვთამაშობდით წარმოდგენას და საოცრად ვღელავდით, იმიტომ, რომ უნდა დაგვემტკიცებინა ჩვენი შესაძლებლობები. გაიხსნა ფარდა, იგრიალა ტაშმა და ის მღელვარება, რაც გვქონდა მოგვეხსნა. თეატრი ისეთი ორგანიზმია, რომ ხან კარგი წარმოდგენა იქნება, ხან საშუალო, მაგრამ მთავარია, რომ დღეს ეს თეატრი არსებობს. მე მადლობას ვეუბნები ჩემს კოლეგებს, დღევანდელი დღე ამ თეატრის წარმატების მათ ეკუთვნით, რადგან უერთგულეს თეატრს. რუსთავის თეატრს კლავ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა საქართველოს სახალხო არტისტმა ქეთევან კიკნაძემ.
რუსთავის თეატრში, რომელიც დღეს მისი დამაარსებლის გიგა ლორთქიფანიძის სახელს ატარებს, პირველი პრემიერა 30 ნოემბერს შედგა. ახალგაზრდა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ მაყურებელს ედმონდ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარუდგინა, რომელშიც მთავარ როლებს ოთარ მეღვინეთუხუცესი, მალხაზ გორგილაძე, ქეთევან კიკნაძე გურანდა გაბუნია, თენგიზ მაისურაძე და ნოდარ მგალობლიშვილი ასრულებდნენ.