საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
2023-2025 წლების გეგმის პროექტის პრეზენტაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა წარადგინა.
,,აღნიშნული გეგმის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორიდან გამოწვეული დამაბინძურებლების შემცირება. წარმოდგენილი მართვის გეგმა ასევე ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ასევე მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება, ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა.
საჯარო განხილვაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერის მოადგილეები – კახა გურული და ოთარ ტატალაშვილი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორის, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას.
,,ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვაში ჩართული იყო როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი. შეხვედრა საინტერესოდ, ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრეებმა გააჟღერეს საკუთარი მოსაზრებები, დაისვა შეკითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. ჩვენ ასევე გავიარეთ გასული წლების სამოქმედო გეგმა და თვალსაჩინოა, რომ ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით, მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია წინ გადადგმული“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.
შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში გაიმართა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ცენტრალური ზონა მოიცავს ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს. შემუშავებულ გეგმაში გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.