რუსთავში, ქალაქის შესასვლელში ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს. კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა. მონუმენტი ქალაქის შესასვლელში, მოედანზე 2003 წელს დაიდგა, რამდენიმე წელში, კი მისი დემონტაჟი განხორციელდა.
რუსთავის მერიამ, მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ,,თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
,,რუსთავის შემოსასვლელში მიმდინარეობს ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის აღმართვა. წლების განმავლობაში, ეს მონუმენტი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა. რუსთაველების თხოვნით, რომლებსაც ძალიან დიდი ნოსტალგია ჰქონდათ ამ მონუმენტის მიმართ, ჩვენ ,,თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეს მისი მონტაჟი მიმდინარეობს ქალაქის შესასვლელში, იმ ტერიტორიაზე, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სკულპტურული კომპოზიციის მონტაჟის პროცესს, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ჯუმბერ ჯიქია დაესწრნენ.
,,ამ მონუმენტს ჰქვია ,,თავისუფლების რაშები,“ 7 წელი ვაკეთებდი აი ამ ცხენებს, ეს წლები ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მისი დემონტაჟი 2009 წელს განხორციელდა, მაგრამ დღეს ქალაქს ისევ დაუბრუნდა, რაც ძალიან მახარებს’, – განაცხადა ჯუმბერ ჯიქიამ.
,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის ტერიტორიაზე დამონტაჟდება განათების სიტემა და მწვანე კუნძულები, უკვე მოეწყო ტექნიკური წყლის რეზერვუარები, რომელიც მდინარე მტკვრიდან მომარაგდება, აღნიშნული რეზერვუარებიდან სარწყავი სისტემის საშუალებით მოირწყვება მწვანე სივრცეები. 13 735 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. დღეისთვის მიმდინარეობს მიწის მოსწორების და სარწყავი სისტემების მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება გაზონების მოწყობა და ხე-მცენარეების დარგვა.