ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება

რუსთავში, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში,  ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ადგილზე გაეცნო.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა 4 მწვანე კუნძული და დენდროლოგიური ზონები.

„ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ჩვენი მთავარი მიზანი, სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაა, ჩვენ არცერთ პროექტს, რომელიც ქალაქში ხორციელდება, არ ვაკეთებთ საჩვენებლად. ბიუჯეტიდან თანხა და თანხის გარდა, უზარმაზარი ადამიანური რესურსი იმიტომ იხარჯება, რომ საქმე გაკეთდეს ხარისხიანად. შარტავას მოედანზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე დავიწყეთ ასფალტის საფარის დაგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც გულისხმობს რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაციას და სამი ძირითადი მოედნის განახლებას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე განმარტებით, შარტავას მოედანი არის ერთ-ერთი ძირითადი საგზაო კვანძი, რომლის რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა წყალსადენის სისტემა, დამონტაჟდა ჩამკეტები.

„შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩვენ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ, რომ მოგვეწესრიგებინა წყალსადენის სისტემა. გამოიცვალა 220 მეტრი სიგრძის მილსადენი, მოეწყო თანამედროვე ევროპული ჩამკეტები, რაც გამართულ წყალმომარაგებასა და სწორ მენეჯმენტს უზრუნველყოფს. ადგილზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში მოიხსნება ის დისკომფორტი, რაც რუსთაველებს შეექმნათ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის შემოსასვლელისა და 3 მოედნის რეკონსტრუქციას, ტექნიკური სარწყავი წყლის სისტემის და  გარე განათების მოწყობას ითვალისწინებს, ჯამში, 2000-მდე ახალი ნერგი დაირგვება.

წინა რუსთავის მერია საახალწლო სოფლის გახსნაზე გიწვევთ!