რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის ,,საქართველო – აწმყო, მომავალი და წარსული“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
პროექტი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.
სტუ-ში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის მერმა სტუდენტებს ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
,,ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების გეგმებზე, იმ სხვადასხვა პროექტსა და რეფორმაზე, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომელთაც მთელი ქალაქი ვცდილობთ, ერთად გავუმკლავდეთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სტუდენტებთან შეხვედრისას, ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელება, რუსთავის მერიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
სტუდენტებთან შეხვედრამდე, რუსთავის მერი რექტორს დავით გურგენიძეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას და რექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, საკუთარი ინიციატივები გააცნო და სტუ-თან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
,,ჩვენს ფაკულტეტზე დავიწყეთ პროექტი – ,,საქართველო – აწმყო, მომავალი და წარსული“, პროექტის ფარგლებში ვხვდებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან. ძალიან საინტერესოდ დადინამიურად ჩაიარა შეხვედრამ.“, – განაცხადა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ.