21-ე მიკრორაიონში, ახალი შიდასაუბნო რეკრეაციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.
,,მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების განვითარებას, როგორც დასასვენებელი, სპორტული, ასევე საბავშვო და რეკრეაციული ზონების მოწყობას. ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობაც, სწორედ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გავეცანით. პროექტი აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს და ქალაქს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ახალი სოზოგადოებრივი სივრცის პროექტი, 3486 კვადრატულ მეტრ ფართობზე, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო მოედნის, ატრაქციონების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის, დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვას, დასასვენებელი და მწვანე ზონების მოწყობას ითვალისწინებს.
ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ახალი სკვერი, სათვალთვალო კამერებითაც იქნება აღჭურვილი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 414 439 ლარია.