რუსთავში, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ახალ მედიათეკაში, ახალგაზრდებს, ჟიული შარტავას მეგობარი და კოლეგა, რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ქალაქის ყოფილი მერი და საპატიო მოქალაქე სოსო არეშიძე შეხვდა, რომელმაც 1993 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სოხუმის დაცემის ტრაგიკული და ჟიული შარტავასთან გატარებული ბოლო დღეები გაიხსენა. ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
,,ჩვენ დღეს ყველა ერთად ვქმნით ძლიერ და თანამედროვე ქვეყანას, ამიტომ აუცილებელია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და გმირების შესახებ. დღეს მედიათეკაში ბატონი სოსო არეშიძე ახალგაზრდებს შეხვდა და ჩვენს ეროვნულ გმირზე ჟიული შარტავაზე ესაუბრა, მან დეტალურად გაიხსენა მისი გმირობისა და ქვეყნისადმი თავდადების ის ისტორიები, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სოსო არეშიძემ, ახალგაზრდებს ჟიული შარტავას ცხოვრების, მოღვაწეობისა და გმირობის შესახებ უამბო.
,,ჟიული შარტავა რუსთავში 1985 წელს ჩამოვიდა, მას ადამიანებთან ურთიერთობის, გამხნევებისა და მუშაობის განსაკუთრებული და გამორჩეული სტილი ჰქონდა. ჩვენ ყველა აშკარად ვგრძნობდით, რომ ის სულ სხვა მასშტაბისა და კალიბრის კაცი იყო. მახსოვს, დამირეკა და მითხრა, აფხაზეთში გადამიყვანესო და იქ გმირულად დაიღუპა. ისეთი ადამიანი იყო, წინასწარ, რომ სცოდნოდა დაიღუპებოდა, მაინც ამ ნაბიჯს გადადგამდა. დიდი ადამიანი იყო, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ, ის ახალგაზრდებისთვის გმირობისა და ქვეყნისადმი თავდადების მაგალითი უნდა იყოს“, – განაცხადა სოსო არეშიძემ.
სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში, დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპული სხვა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, ვეტერანებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავასა და აფხაზეთში დაღუპული მეომრების მემორიალები.
ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.