რუსთავის მერია, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად, ქალაქის ბაგა-ბაღებში, მოზარდის განვითარებაზე მეტად ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს და ცნობილ მეცნიერთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტი – ,,სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში”, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის პრეზენტაცია, დღეს შალვა ამონაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ, მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს.
შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის მერიასა და ,,შალვა ამონაშვილის აკადემიას” შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდა.
,,რუსთავში, ჩვენ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, წელს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და პრემიერის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 900-მდე ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. ჩვენ კი, ადგილობრივ დონეზე, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის გარდა, მუშაობას ვიწყეbთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში, კიდევ უფრო ეფექტური იყოს. დღევანდელი მემორანდუმი, ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას და სკოლამდელი განვითარების მიმართულებით, სრულიად ახალი მიდგომების დანერგვას ემსახურება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
აღნიშნულ პროექტს, ქართული პედაგოგიკის ნოვატორი – შალვა ამონაშვილი, პირადად უხელმძღვანელებს. პედაგოგიკასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში ტრენინგკურსებს, რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700-მდე თანამშრომელი გაივლის.
,,დღეს გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თუ ზედმიწევნით შევასრულეთ, კარგი ფურცელი იქნება ქართული განათლების ისტორიაში, იმიტომ, რომ მიზნად ვისახავთ ქართულ საგანმანათლებლო სფეროში, პირველ რიგში, ბაგა-ბაღებში, პატარა ბავშვებთან ჰუმანური პედაგოგიკის იდეების შეტანას. წელიწადნახევრის განმავლობაში იქნება სისტემური მუშაობა და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა.
პროგრამის განხორციელების პროცესში, ცნობილ ქართველ მეცნიერთან ერთად, რუსთავის მერიისა და ბაგა- ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფიც ჩაერთვება.
მედიათეკაში გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, ,,შალვა ამონაშვილის აკადემიის’’ დამფუძნებელი ნინო ამონაშვილი, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი, სარეაბილიტაციო ცენტრის -,,კესანეს” ხელმძღვანელი ეკა ნოზაძე და ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები