საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, რუსთავის მერიამ სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი და საბჭოს წევრი გრეტა წიწავა, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ პროექტ ,,მწვანე შუქის” ბენეფიციარებს შეხვდნენ.
,,პარლამენტის ინიციატივით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიური გაძლიერების მიზნით, რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი დავიწყეთ. ეს პროექტი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტში ვფიქრობთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის არსებული მუნიციპალური სერვისი, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და განვავითაროთ იმგვარად, რომ მასში მშობელთა გაძლიერებაც აუცილებლად იქნას გათვალისწინებული”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტ ,,მწვანე შუქის” მიზანი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
,,ქალების თემატიკა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესებაში შემოგვიერთდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მისი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და ამ პრობლემის მყისიერი გათვითცნობიერება. მიხარია, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საპილოტე პროექტი პირველად იწყება რუსთავში და იწყება ქალი მერის მონაწილეობით, იმ საჭიროებების ზუსტად დანახვით, რომელიც დედებს და ამ შემთხვევაში, შშმ ბავშვების დედებს აქვთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
პროექტი ,,მწვანე შუქი” შშმ ბავშვთა დედებისთვის ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, პერსონალური ქოუჩის სერვისის და სოციალური თერაპიის კომბინირებულ მიწოდებას და ზოგადად, შშმ პირთა ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
,,კესანეში” გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ცენტრის დირექტორი ეკა ნოზაძე, შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრ ,,ილაპარაკეს“ დამფუძნებელი მარიამ დალაქიშვილი და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები დაესწრნენ.
რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე” განსაკუთრებული საჭიროების მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგან 125 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. რუსთავის მერია, სოციალური პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას, სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთათვის საჭირო თერაპიას აფინანსებს.