რუსთავის მერიის ორგანიზებით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით – „ოქროს ხელები”, 30 -მდე ნამუშევარს აერთიანებს.
გამოფენის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
„ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეაში, დღეს უაღრესად ნიჭიერი ხელოვანის – ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მიხარია, რომ ხელოვნების ახალ გალერეაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავხსენით, რუსთაველ მხატვრებს საგამოფენო სივრცე აქვთ, რუსთაველებს, კი ასეთი მაღალი დონის მხატვრების ნამუშევრების გამოფენაზე დასწრებისა და მასპინძლობის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რუსთავში პირველად იმართება. მხატვრის ნამუშევრები, საქართველოს ხელოვნებისა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმებში, კულტურის სამინისტროს ფონდებში, ტრეტიაკოვის გალერეაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კერძო კოლექციებშია დაცული.
ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეა, ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს. კუხალაშვილი მესამე მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც რუსთავის ახალ გალერეაში გამოიფინა.
ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა 2024 წლის 23 ოქტომბერს, მისივე ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა.
რუსთავში სამხატვრო გალერეის არსებობას ხელოვანები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი სურვილი გასულ წელს შესრულდა და ქალაქს თანამედროვე საგამოფენო სივრცე გაიხსნა, სადაც ნებისმიერ შემოქმედს აქვს საშუალება, გამოფინოს ნამუშევრები, ხოლო რუსთაველებს შესაძლებლობა, გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებს. ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაშია განთავსებული.