რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურად, უახლოეს პერიოდში ცენტრალურ, შიდაკვარტალურ გზებზე და ეზოებში არსებული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციაც დაიწყება.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სანაპიროს ქუჩის პროექტის მიმდინარეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნო.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აქტიურად ვაგრძელებთ. ცენტრალურ, შიდაკვარტალურ გზებზე და შიდა ეზოებში არსებული ლოკალური დაზიანებების აღმოსაფხვრელად, სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. პარალელურად, ვაგრძელებთ მასშტაბურ პროექტებსაც. დღეს სანაპიროს ქუჩაზე  ასფალტის საფარის დაგება დავიწყეთ. ამ პროექტით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ოთხ უბანში – ფალიაშვილის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილისა და სანაპირის ქუჩებზე მოხდება. ოთხივე ქუჩაზე ასფალტის საფარის გარდა, ვცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ვაწყობთ ტროტუარებს, გათვალისწინებული გვაქვს მწვანე საფარისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავს კიდევ ოთხი ლამაზი და კომფორტული ქუჩა შეემატება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სანაპიროს ქუჩაზე, 3300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, გარე განათების ახალი ქსელი და მწვანე სივრცეები. პროექტი, ქალაქის ოთხ სხვადასხვა უბანში – მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობს. ფალიაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე ასფალტის საფარის ორი ფენა უკვე დაგებულია.

5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

წინა ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ