რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩას, რომელიც ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, სრული რეაბილიტაცია უტარდება.
ლეონიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, მესხიშვილის ქუჩის კვეთიდან, ფანცულაიას ქუჩის კვეთამდე დასრულდა. ფანცულაიას ქუჩის კვეთიდან, ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე კი გზის საფარის მოფრეზვა მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში სანიაღვრე სისტემის მოწყობაც დაიწყება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული დიდი ხნის გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. ამ ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას, გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტით კი ყველა ამ საკითხის გადაჭრაა გათვალისწინებული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ განახლებულ, თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია ,,ჯი ვი პი” წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს. პარალელურად ეწყობა ბორდიურები და ტროტუარებზე დეკორატიული ფილები იგება.
„ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისთვის. სამუშაოები კომპლექსურად ხორციელდება. ადგილზე მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ ქუჩას ქალაქში, რომელიც სრულიად უსაფრთხო და კომფორტული იქნება გადაადგილებისთვის“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.
პროექტის ფარგლებში, 13 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამფენიანი გზის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ველობილიკი, მწვანე სივრცეები და პარკინგი. ასევე გათვალისწინებულია გარე განათების ქსელის, საგზაო ნიშნების, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობაც.
3 934 439 ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
