ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთავში საცხოვრებელი გარემო გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და ძველ რუსთავში, შენობებს, ავთენტური იერსახე შევუნარჩუნოთ – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სრული გამაგრება-რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, სამუშაოები 12 მისამართზე უკვე დასრულდა და 4-ში აქტიურად მიმდინარეობს. 2024 წელს, რუსთავში ჯამში 16 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტების მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

,,რუსთავის მერია ვაგრძელებთ ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციას. წელს დაგეგმილი გვქონდა 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები, რომელიც ჯამში 16 კორპუსს მოიცავდა. აქედან 12 პროექტი უკვე დასრულებულია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე კორპუსში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში საცხოვრებელი გარემო გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და შენობების გამაგრება-რეაბილიტაციისას, განსაკუთრებით ძველ რუსთავში, მათ ავთენტური იერსახე შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღეისათვის, ქაშაკაშვილის #8 და #10-ში, დონეცკელი მეტალურგების გასასვლელის #18-ში საძირკვლის გამაგრება დასრულდა და ფასადების სამღებრო სამუშაოები მიმდინარებს, აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას გამზირის #1 კორპუსის საძირკვლის გამაგრებაც.

,,ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს შექმნა და სწორედ ამიტომ, რუსთავში აქტიურად გრძელდება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სრულად გამაგრება-რეაბილიტაცია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ძველ კორპუსებს ავთენტური-პირვანდელი სახე შევუნარჩუნოთ, განსაკუთრებით ძველ რუსთავში, სადაც შენობები თავისი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობითაა გამორჩეული. აღნიშნული პროექტები, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება და ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, რუსთავში 11 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა, დასრულებულია ვაჟა-ფშაველას მე-2-ე გასასვლელის #4-ის გამაგრება-რეაბილიტაცია.

2024 წელს რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 8 070 856 ლარი იყო გათვალისწინებული.

 

 

წინა რუსთავში, შპს „მეგა ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის შესახებ