რუსთავის მერიამ კამპანია ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა.
პროექტი, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად.
პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა.
,,ახალგაზრდული პროექტი -,,თაობა მომავლისთვის”, რომლის ფარგლებშიც, ორი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რუსთაველ ახალგაზრდას შევხვდით, გაფართოვდა და რეგიონული მასშტაბი შეიძინა. პროექტის ახალ ეტაპზე, უკვე რეგიონის ახალგაზრდებს ვმასპინძლობთ. დღეს ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შევხვდით, ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმ იდეებზე, რომელიც ჩვენი ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებმა, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, მედიათეკა, ნიჩბოსნობის სკოლა, სპორტის სასახლე, ქალაქის ისტორიული მუზეუმი, ოქსიგენის საფესტივალო სივრცე და იპოდრომი დაათვალიერეს. გარდაბნიდან, მარნეულიდან, თეთრიწყაროდან, წალკიდან, ბოლნისიდან და დმანისიდან ჩამოსული ახალგაზრდები, რუსთაველ თანატოლებთან ერთად, იპოდრომის სივრცეში, ქალაქის მერს ნინო ლაცაბიძეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრს ალექსანდრე დალაქიშვილს, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილს შეხვდნენ და მათთვის აქტუალურ საკითხებზე, დისკუსია გამართეს.
ახალგაზრდული პროექტები, იდეები, განათლება, სპორტი, კულტურა-ეს ის საკითხებია, რაზეც ახალგაზრდებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა.
,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სხავადასხვა საკითხზე, მოვიცავით ისეთი სფეროები, როგორიცაა: ახალგაზრდული განვითარება, კულტურა, სპორტი, მუნიციპალური და რეგიონული საკითხები. ასეთი შეხვედრები და ინიციატივები მნიშვნელოვანია, რადგან ამ ურთიერთობებს, ახალი იდეებისა და ინიციატივების გაჩენა შეუძლია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
კამპანია ,,თაობა მომავლისთვის“, რუსთავის მერიამ მუნიციპალიტეტის მუშაობაში და ქალაქის ახალ განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით, გასულ წელს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა. რეგიონული ახალგაზრდული ქსელი, კამპანიის მორიგი პროექტია და ის, ქვემო ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს.