ნინო ლაცაბიძე – ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხები, ძალიან ოპერატიულ მოქმედებას მოითხოვს და ჩვენ საკრებულოს დეპუტატებისგან, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ველოდებით დროულ რეაგირებას

რუსთავის ბიუჯეტი 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე იზრდება.

ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების დეტალებზე, რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილ ახალ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგის დასაწყისში, ნინო ლაცაბიძემ ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მიერ დაწყებულ პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესს მუდმივ მონიტორინგს უწევს.

,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსთავში მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური რეაბილიტაცია, სამუშაოების მონიტორინგში, გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვარ ჩართული და კომპანიას აუცილებლად შევასრულებინებთ ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, მერიის გუნდი ქალაქის განვითარების პროცესს აგრძელებს. სწორედ, გუნდის ძალისხმევით, რუსთავის ბიუჯეტი 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე იზრდება, გაზრდილი ბიუჯეტი და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ახალი ინიციატივები, რუსთავის მერიამ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა. თემების აქტუალობიდან გამომდინარე, ნინო ლაცაბიძე რუსთავის საკრებულოსგან, რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს.

,,გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს ახალ პროექტებს და ჩვენი ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს. გამომდინარე იქედან, რომ ამ პროექტების მიღმა ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები და რუსთავის განვითარება დგას. ქალაქის საკრებულოს, სხდომის უმოკლეს ვადაში მოწვევისკენ და გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღებისკენ მოვუწოდებთ. რაც შეხება საკითხებს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ რუსთავის საკრებულოში: საქართველოს მთავრობის თანადგომით, ევროსტანდარტების შესაბამისი, 20 ახალი ავტობუსის შეძენა, რაც რუსთავი- თბილისის მარშრუტზე მგზავრობას კომფორტულს გახდის და რუსთაველების ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა, 2 ახალი ბაღის მშენებლობის საკითხი, რომელიც პრემიერ- მინისტრის ინიციატივით რუსთავში უნდა დაიწყოს, შშმ პირთა ყველა კატეგორიისთვის რუსთავი- თბილისის მარშრუტზე ტრანსპორტი გახდება უფასო,  გაიზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსება. რუსთავის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების განსახორციელებლად აუცილებელია საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცება, ქალაქის დასუფთავებისთვის გათვალისწინებულია თანხის მატება, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო სუფთა და მოვლილი იყოს ჩვენი ქალაქი, დაგეგმილი გვაქვს საექსპერტო მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხების მატებაც, რაც ავარიული შენობების რეაბილიტაციის აუცილებელი ეტაპია, გაიზრდება თეატრის დაფინანსება და ბოლოს კიდევ ერთი ძალიან პოზიტიური სიახლე- მერიის გუნდის მიერ ინიცირებულია მუნიციპალურ ტრანსპორტში მომუშავე მძღოლებისთვის და კონტროლიორებისთვის 1 ივლისიდან ხელფასის გაზრდა. ეს საკითხები განსახილველად, რუსთავის საკრებულოში წარვადგინეთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის განცხადებით, ამ საკითხების გარკვეული ნაწილი, საკრებულოს განსახილველად გასულ თვეს წარუდგინეს, თუმცა მათი განხილვა არ მოხდა. ნინო ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო დროულად ჩანიშნავს რიგგარეშე სხდომას და ბიუჯეტში ცვლილების პროექტს დაამტკიცებს.

,,ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ ვითარებაზე და ხელოვნურად შექმნილ ბარიერებზე, რასაც საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში უქმნის ქალაქის განვითარებას. ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხები, ძალიან ოპერატიულ მოქმედებას მოითხოვს და ჩვენ საკრებულოს დეპუტატებისგან, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა ველოდებით დროულ რეაგირებას“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

წინა ქალაქ რუსთავში შპს „სტანდარტის“ მიერ ნარჩენი ზეთების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოსა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ სკრინინგის განცხადება