რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული, ქართული ქორეოგრაფიის ფესტივალის – ,,ქართული” საკონკურსო ნაწილი, გალა-კონცერტითა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
კონკურს-ფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა და რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო, ფესტივალის მონაწილე ოცდაოთხივე ანსამბლს ხვდა წილად.
კონკურსის გრან პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელი ქორეოგრაფიული ჯგუფები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს.
,,ქართული” ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საფესტივალო ტრადიციაა, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ჩვენს ქალაქში ერთად დავაარსეთ. კონკურს-ფესტივალი, ჩვენ მთავარ ქართულ ღირებულებებზე დავაფუძნეთ და ქორეოგრაფიული ანსამბლები, რუსთავში შესანიშნავ ქართულ საღამოებს მართავდნენ. ,,ქართული” ალბათ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომლითაც ჩვენ ევროპის გზაზე უნდა ვიაროთ და ევროპული დიდი ოჯახისთვის საინტერესოც სწორედ ამიტომ ვართ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ფესტივალის გრან პრის მფლობელი, ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი” გახდა, რომელსაც რუსთავის მერიამ, გარდამავალი პრიზის გარდა, 10 000 ლარის ოდენობის ფულადო ჯილდო გადასცა, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და 7 000 ლარი გადაეცა რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ჯავარს”.
,,ძალიან ემოციური საკონკურსო 5 დღე გავიარეთ და დღეს გამოვლინდნენ გრან-პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ,,ქართულის” თითოეული მონაწილეა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი არის ის, რომ რუსთავში მოხდა ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ანსამბლების დამეგობრება და შეკავშირება”, – განაცხადა რუსთვის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა
ფესტივალი ,,ქართული”, წელს, პირველად ჩატარდა და მასში ქვემო ქართლის 24 ანსამბლი და 1500 მოცეკვავე მონაწილეობდა. „ქართულისთვის“ ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად „ქართულისთვის“ კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო” ასრულებს.
,,ქართულის” არასაკონკურსო საფესტივალო დღეები, რუსთავში კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.