ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე იწყება. თოდრია-მარჯანიშვილის ქუჩების კვეთიდან, სანაპიროს ქუჩამდე საგზაო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო და პროექტის მიხედვით წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაც იგეგმება.

„რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ. დღეისათვის, ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს გზების სისტემური მოწესრიგება. მიმდინარეობს როგორც გზის ახალი საფარის, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების განვითარება. აღნიშნული მასშტაბური პროექტი რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად რუსთავის მერია, ქალაქში საპარკინგე ზონების მოწყობას და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებას გეგმავს. ამ მიმართულებით, რუსთავის მერია საკრებულოსთან ერთად, ახალი რეგულაციების დანერგვაზე და პრობლემის სისტემურად გადაჭრის სტრატეგიაზე მუშაობს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს რუსთავში გზების მოწესრიგება, რათა რუსთავის მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების პირობები შევუქმნათ. პარალელურად ვგეგმავთ საპარკინგე ზონების მოწყობას, ამ ეტაპზე სტრატეგიაზე და ახალი რეგულაციების დაგეგმვაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დღეისათვის ქალაქის 4 სხვადასხვა უბანში -მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობს. ფალიაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასფალტის საფარის ორი ფენა უკვე დაგებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში გაიხსნება კლდიაშვილის ქუჩის საავტომობილო მონაკვეთიც. ასფალტის მესამე საბოლოო ფენის დაგება კი ოთხივე მონაკვეთზე ერთდროულად მოხდება.

5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

წინა რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება