რუსთავში საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. დღეისათვის, სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში, ერთდროულად 15 მისამართზე მიმდინარეობს. საცხოვრებელი შენობის სრული რესტავრაციის სამუშაოები ტარდება ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ – სპორტის ქუჩა N2-ში.
პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.
„რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ფასადის ავთენტური იერ-სახის შენარჩუნება მოხდება და შენობის ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჯამში ქალაქის მასშტაბით, დღეისათვის აქტიურ ფაზაში 15 შენობის რეაბილიტაციაა. ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთავის მერიის გუნდი ძალიან მალე დავიწყებთ ძველი რუსთავის განახლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც 100-მდე შენობის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას მოიცავს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სპორტის ქუჩა N2-ის პროექტი, შენობის სრულ რეაბილიტაციას, ფასადის ავთენტური იერ-სახის აღდგენას, გადახურვას, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების და დეკორატიული აივნების მოწყობას ითვალისწინებს.
„ძველი რუსთავის განახლება არის იმ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტების გაგრძელება, რომელიც ქალაქში ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები სპორტის ქუჩის ისტორიული შენობის. ანალოგიური სამუშაოები რუსთავში 15 მისამართზე მიმდინარეობს. ეს პროცესი ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და მის თანამედროვე განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.
პროექტის ღირებულება 2 016 133 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
